27/09/2022
19:41
სამართალი
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს.
"ნებისმიერ ობიექტურ პირს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. საქმეში არაერთი მტკიცებულება არის მოთავსებული, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია, როგორც წინა, ასევე დღევანდელ პროცესებზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთ დროს, ჩვენ ვეფუძნებით არა ნელი დოროყაშვილის მეგობრების ჩვენებებს, არამედ, ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიც მის მიერ განხორციელებული მიმოწერები და მის მიერ დამზადებული აუდიო, ვიდეოჩანაწერებია", - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, რატომ აქვს დაცვის მხარეს ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს შესაძლოა, დეტექტივის მეშვეობით უთვალთვალებდა, ან რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულის დამადასტურებლად, გვაზავა პასუხობს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილს არასაიმედო პიროვნებად მიიჩნევდა.
"არსებობდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი რაღაც ინფორმაციების შეგროვებას ცდილობდა და ეს მას დაეტყო პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა კითხვები გაჟღერდა სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით, დაიბნა, აღელდა და ბუნებრივია, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც მივაწვდით ამ კუთხით ინფორმაციას, მაგრამ დაზუსტებით, ამ ეტაპისათვის ჩვენც რამე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს არასაიმედო პიროვნებად მიიჩნევდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მან არაერთხელ, მათ შორის, საჯაროდ, სხვა პირების თანდასწრებით და კომუნიკაციის მეშვეობით განახორციელა მუქარა, რის შემდეგაც, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს არასდროს ხვდებოდა პირადად და ის შეხვედრების დროს, ყოველთვის სხვა პირებთან ერთად მიდიოდა, რადგან მსგავს საფრთხეს ის ნელი დოროყაშვილისგან ყოველთვის გრძნობდა. გარკვეული საფრთხე, რომელიც შეიძლება ნელი დოროყაშვილისგან ყოფილიყო პროვოცირებული. ერთ-ერთი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, ღამის საათებში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, ვიდრე საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, ვინაიდან ის გარკვეული სახის პროვოკაციას ელოდა. საპატრულო ეკიპაჟი ბინაში შევიდა, სადაც ჭურჭელი დამტვრეული იყო. ამას ადასტურებს არამხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ, ის მოწმე, რომელიც მას პატრულებთან ერთად თან ახლდა“, - განაცხადა გვაზავამ.
0
0