03/08/2024
20:06
სპორტი
საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის მოკვლის მუქარის გამო აღშფოთებულია.
ემანუელ მაკრონმა შეაქო თომას ჯოლი სიმამაცისთვის და განაცხადა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ყველა ფრანგი ამაყობს.
„ფრანგები ძალიან ამაყობენ ამ ცერემონიით. საფრანგეთმა მოახდინა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისუფლების დემონსტრირება“, – განაცხადა მაკრონმა.
მანამდე საფრანგეთის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის რეჟისორმა, თომას ჯოლიმ მის მიმართ მოკვლის მუქარის შემცველი გზავნილების გამო სამართალდამცავ უწყებაში განცხადება შეიტანა.
ჯოლი აცხადებს, რომ მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუქარები მიიღო. დაწყებულია გამოძიება.
თომას ჯოლის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.
წარმოდგენას სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.
პერფორმანსი ასევე გააკრიტიკეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორმა არაერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენა, რომელიც ბევრმა „საიდუმლო სერობას“ შეადარა, არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით და ის უკავშირდებოდა „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“.
0
0