27/10/2024
11:18
არჩევნები 2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობაა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა.
„ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს, ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში. ეს იმთავითვე უსაფუძვლოა, როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები, ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობას რამდენჯერმე ახერხებდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდათ.
0
0