25/03/2024
14:03
კულტურა
პარასკევს ციურიხში გამართულ Swiss Film Awards დაჯილდოებაზე ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის, ფილმმა გაიმარჯვა. შაშვი, შაშვი, მაყვალმა ჯილდო საუკეთესო შვეიცარიული ფილმის კატეგორიაში მოიპოვა.
ფილმი ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვეიცარიული კომპანია Alva Film-ის საერთო ნამუშევარია. შაშვი, შაშვი, მაყვალი თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს და მისი ერთ-ერთი სცენარისტი თავად ავტორი იყო. ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე, ასრულებენ.
შაშვი, შაშვი, მაყვალი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ქალ ეთეროზე გვიყვება, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს. ის მამისა და ძმის სიკვდილის შემდეგ საკუთარი თავისუფლებით ტკბება და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ეთეროს გეგმებს თავდაყირა აყენებს.
ფილმმა აქამდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მაგალითად, ბათუმის კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ეკატერინე ჩავლეიშვილი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. შაშვი, შაშვი, მაყვალმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ის მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ ფილმს შესანიშნავი რეჟისორული და კინემატოგრაფიული ნამუშევარი უწოდა და მსახიობ ეკატერინე ჩავლეიშვილის დასამახსოვრებელ შესრულებასაც გაუსვა ხაზი.
ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, სარაევოს კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის შაშვი, შაშვი, მაყვალისაუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პრიზის, "სარაევოს გულის", მფლობელი მთავარი როლის შემსრულებელი ეკატერინე ჩავლეიშვილი გახდა. შაშვი, შაშვი, მაყვალი2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაშიც მოხვდა და ასევე, კანის კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი.
მელაშვილის ამ ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა 2021 წელს პრემია საბაც მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ნაწარმოების მიხედვით ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლიც.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024