17/09/2024
13:15
კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „პრეზიდენტი“ იყო, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივას.
კოკოითის თქმით, ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არაა.
„ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ... ყველაფრის უტვინო სააკაშვილსა და აშშ-ზე დაბრალება ძალიან წარუმატებელი და ახლომხედველურია, პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა“, - დაწერა მან ტელეგრამის არხში.
კოკოითი მიიჩნევს, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას“, ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები. ცხინვალი ადრეც აცხადებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები“.
„სამხრეთ ოსეთისთვის 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზარალი, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ მანამდე, არასაკმარისია. მაგრამ საქმე ამაში საერთოდ არაა. ვინ დაგვიბრუნებს ათობით ათას მოკლულ ძმასა და დას, ვინ დაუამებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნათესავებსა და ახლობლებს? ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ“, - ამბობს ის.
კოკოითი ოსებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ, არ გახდნენ „ოსეთში ივანიშვილის მიერ მოსყიდული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარიონეტები“. ის დარწმუნებულია, რომ "ოსეთში ქართული სპეცსამსახურების მიძინებული უჯრედები გააქტიურდებიან“ უახლოეს მომავალში.
კოკოითი დაასკვნის, რომ „საქართველოსთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა დამყარდეს“, „ოსეთი და აფხაზეთი უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტები, რუსეთის საიმედო საყრდენები“.
ბიძინა ივანიშვილმა გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
0
0