03/08/2024
18:02
სპორტი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა პარიზის ოლიმპიადაზე ქართელი სპორტსმენების გამოსვლა შეაფასა.
„ძიუდოს გუნდურ პირველობაზე მოლოდინი გვაქონდა, რომ იტალიის ნაკრებს დავამარცხებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. 3:3-ზე წილისყრით შავდათუაშვილს მოუწია ჭიდაობა, რომელიც მეორედაც დამარცხდა იტალიელ სპორტსმენთან და გათამაშებას გამოვეთიშეთ.
ინდივიდუალურ შეჯიბრებას რაც შეეხება, ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რაც ისტორიული შედეგია საქართველოს ძიუდოს ისტორიაში.
არ დავმალავ, მეტს ველოდით ჩვენი სამგზის მსოფლიო ჩემპიონისგან, ტატო გრიგალაშვილისგან. გარდა იმისა, რომ ტატო სამჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ფინალში მის მეტოქესთან, იაპონელ ნაგასესთან ბევრჯერ ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამჯერად, სამწუხაროდ, დამარცხდა და ცოტა იმედები გაგვიცრუვდა. ტატო ახალგაზრდა სპორტსმენია, ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ახლაც და წინა ოლიმპიადაზეც დიდი გამოცდილება მიიღო, რაც ოთხი წლის შემდეგ, ლოს ანჯელესში გამოადგება.
რაც შეეხება ილია სულამანიძეს, ყველამ ნახა მისი ფინალური შეხვედრა. ბევრს ვსაუბრობთ მსაჯების შეცდომაზე, მაგრამ წესები ასეთია და ყველა უნდა დაემორჩილოს მას. ილია ვაზარით იგებდა და, სამწუხაროდ, ბოლო წამებზე როცა უნდა ეაქტიურა, მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ პასიურობდა, ცოტა სადავო საკითხია, მაგრამ მსაჯების კომპეტენციაში ვერ ჩავერევით, რამეთუ რამდენიმე ჩვენი შეხვედრაც იყო, სადაც მეტოქეებს ჰქონდათ პრეტენზიები. მთლიანობაში მადლობა ძიუდოს ნაკრებს, მათ ჩვენს დელეგაციას სამი მედალი შესძინეს, შემიძლია ვთქვა, რომ სოლიდურად იასპარეზეს.
დანარჩენ სპორტსმენებს ვუსურვებ წარმატებებს, კრივში ბრინჯაო განაღდებული გვაქვს და ვიბრძვით მაღალი სინჯის მედლისთვის, ასევე ჩავერთვებით ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობის შეჯიბრებებში, ძალოსნობაში, ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის“.
0
0