08/11/2024
17:35
პოლიტიკა
ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ საარჩევნო დარღვევების გამოძიება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება.
„ვფიქრობ, ახლა საკმარისი არ არის მხოლოდ ღრმა მწუხარების გამოხატვა, რადგან იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესის დროს მომხდარი მრავალი დარღვევის გამო. ეს საგანგაშო საკითხია. თქვენ არ შეგიძლიათ, საუბრობდეთ ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვაზე და, ამავდროულად, იღებდეთ საწინააღმდეგო კანონებსა და ზომებს, იყენებდეთ შეურაცხმყოფელ რიტორიკას დემოკრატიული დასავლეთის მიმართ, რადგან ეს არალოგიკურია, თქვენ ვერ ახსნით ამას ლოგიკურად.
ეს არის მიზეზი, რატომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი. მე არ ვენდობი, რომ საქართველოს ინსტიტუტები შეძლებენ ამას. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ მათ ეს შეუძლიათ. მგონია, რომ საჭიროა საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება. რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსივობა საარჩევნო პროცესში არასდროს ყოფილა ისეთი დიდი, როგორც ახლა. ეს საგანგაშო საკითხია. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, ვსაუბრობ მოლდოვაზეც. თუმცა მოლდოვაში არჩევნების შედეგი განსხვავებული იყო. საკმარისია ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნა. მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, ევროკავშირს შორდებით. ვიმედოვნებ, რომ ამ გზავნილს მიიღებენ და გაიგებენ. ასევე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კურსის შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლია. თუმცა ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ ამის მაღალ ალბათობას უახლოეს მომავალში.
ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, დგას ყველა ამ პროცესის უკან და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი კავშირები რუსეთთან. ეს არის მიზეზი, რატომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ევროკავშირისგან დაშორებაზე, არამედ რუსეთთან დაახლოებაზეც, რადგან თქვენ ვერ აირჩევთ შუალედურ პოზიციას. თქვენ თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ და გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამთ, თქვენ ვერ იქნებით შუალედურ პოზიციაში. თქვენ ან დასავლეთისკენ იმოძრავებთ, ან აღმოსავლეთისკენ“, – აღნიშნა ნაუსედამ.
0
0