08/07/2022
11:17
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ახალი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის არჩევას სექტემბრის დასაწყისისთვის გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა პარლამენტის წევრებს, რომლებიც პარტიის გეგმების შესახებ არიან ინფორმირებულები.
ბორის ჯონსონი, რომელმაც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს ახალი ლიდერის არჩევამდე.
გადადგომის შესახებ ბორის ჯონსონის განცხადებამ დასაწყისი მისცა პარტიის ახალი ლიდერის არჩევის შიდა კონკურსს. შერჩევის გეგმა და ვადები ე.წ. 1922 წლის კომიტეტის სხდომაზე მომავალ კვირას დამტკიცდება.
რამდენიმე კანდიდატმა უკვე გამოთქვა სურვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით. პირველი იყო გენერალური პროკურორი სუელა ბრეივერმანი. ამასთან, კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა, მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა სტივ ბეიკერმა განაცხადა, რომ კოლეგებმა მას ლიდერის პოსტზე კენჭისყრა სთხოვეს, თუმცა მას ოფიციალურად კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია.
ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გასული ორი დღის განმავლობაში მისი კაბინეტი პროტესტის ნიშნად 60-მდე წევრმა დატოვა. საქმე ეხება კონსერვატორების პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯონსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.
0
0