08/11/2024
13:52
პოლიტიკა
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვიან, მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში. ზელენსკი ვერასდროს იპოვის საერთო ენას კობახიძესთან, რომლის პარტიამაც უკრაინის ტრავმასა და ტრაგედიაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო კამპანია და აგერ ბანერებზე გამოფინა. ეს ხალხი არიან ისინი, ვისაც ხელს აღარ ართმევენ და არ შეიძლება, ევროპულ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ არავინ ესალმება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბუდაპეშტში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, კობახიძის ადგილი ფრანგი და გერმანელი ლიდერების გვერდით არ მოიძებნა და გუშინდელ შეხვედრაზევე ის ევროპელი ოლიგარქისა და ყველას მიერ გარიყულ ლიდერთან - ფიცოსთან, „გადასვეს“.
„შარლ მიშელთან საუბარი იყო სულ რამდენიმეწუთიანი - როცა ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებზე ლაპარაკობს უკვე მის უმწიფარობას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გუშინ ჩვენი პრემიერ- მინისტრი (სამარცხვინოა, რომ ასე მიწევს მისი მოხსენიება), საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს პირებს შორის რომ უნდა მჯდარიყო ის კაცი, როგორ გადასვეს ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან, მოწვევაც იყო, ასევე, ევროპაში ყველას მიერ აღიარებულ ავტორიტარის, ორბანის, მიერ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი“, - განაცხადა გვარამიამ.
მან ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა.
„შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, კოლეგებისთვის, მე თინა ბოკუჩავა და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით. ვფიქრობ, ძალიან კარგად არის ელჩი ინფორმირებული, თუმცა ჩვენ ინფორმაციები მაინც მივაწოდეთ, ეს ინფორმაციები არ ეხებოდა მხოლოდ დარღვევებს, იმიტომ, რომ უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის, რა ხდებოდა და როგორ. საერთაშორისო გამოძიებაზე ან შეფასების მისიაზე ჩვენი წინადადება ვუთხარით, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება, სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე, ყველასთვის ცხადია რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო სრული სურათის გამოსავლენად. ჩვენი გეგმებიც ვუთხარით, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ მხრივ პარლამენტს ვერ ექნება, იქნება პროტესტები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და ბევრად უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული, დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სცოდნოდა ელჩს და ჩვენ ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ ნებისმიერი ფორმით ჩვენი პოზიცია ან ქართველი ხალხის პოზიცია გამოყენებულ იქნას ამ მთავრობასთან რაღაცნაირად დასაახლოებლად, რაღაც სტაბილურობის მისაღწევად და ა.შ. სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა არის რუსული, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნა არის მკაფიო- ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ამისი [საერთაშორისო გამოძიება] ალბათობა ნამდვილად არსებობს, დამოკიდებულია ჩვენზე როგორი კომუნიკაციები გვექნება. ელჩი მოგეხსენებათ არის ინფორმაციის გამტარი ცენტრსა და ადგილს შორის სადაც იმყოფება და ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ რომ ეს ინფორმაციები წარვადგინოთ არა მხოლოდ მტკიცებულებები არამედ დასაბუთება რატომ საჭიროებს შესწავლას და რამდენად ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები და შესაბამისად ახალი პარლამენტი.
კონსულტაციები გაგრძელდება დიპლომატებთან, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგრძელდება ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც.
ქართველი ხალხის მოთხოვნას ანგარიშს გაუწევს ხელისუფლება, ის იქნება იძულებული, რომ ეს გააკეთოს, რას დაეთანხმებიან და რას არა, ეს საკითხი არ არის და ვერ იქნება გადამწყვეტი. მათ მოუწევთ დაეთანხმონ ქართველი ხალხის ნებას.“- განაცხადა გვარამიამ.
0
0