28/05/2024
15:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, მსახიობ ნატალია ყიფშიძის პროცესი გაიმართა. მას, სხვა აქტივისტების მსგავსად, გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდნენ და 500 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს დღევანდელი პროცესი იყო "სპექტაკლი" და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ის არც იარსებებდა.
"დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა - თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პასუხი გასცა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი ჩვენი, ანუ სიმართლის გამარჯვებით დასრულდებოდა. მეტიც - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი არც იარსებებდა. 24 აპრილს 21:08-ზე მივედი პარლამენტის ტერიტორიაზე. კანონს ვითვალისწინებდი და ვიდექი ტროტუარზე, სანამ არ შევიკრიბეთ იმდენი თანამოაზრე , რომ მარში კანონიერი ყოფილიყო. მე არ ვმალავ აქციაზე სიარულს, პირიქით სიამაყით ვამბობ ხმამაღლა რომ ყველა ნამდვილ პატრიოტთან ერთად ვდგავარ აქციაზე ბოლო 2 თვის მანძილზე. ვიდეოთი რომელიც ამ პოსტს დავურთე მიმტკიცებენ რომ გზა გადავკეტე უკანონოდ, რადგან ხალხის რაოდენობა არ ყოფილა მათი აზრით იმდენი რამდენიც ამ საქციელს გაამართლებდა. ხედავთ ვიდეოში ხალხის რაოდენობას, ვერ ხედავთ დროსა და თარიღს. დავსვით კითხვა ადამიანის რა რაოდენობა ჩაითვლებოდა მისაღებად და ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თვითონვე აღნიშნეს რომ პოლიციას არ გამოუყენებია გაფრთხილება, რადგან იმდენი ადამიანი იყო აქციაზე, რომ ორი პოლიციელისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათი გაფრთხილებაო. დღევანდელი პროცესი იყო აი ის სპექტაკლი - მსახიობს რომ ნათლად ემჩნევა დაზეპირებული ტექსტი ისეთი პერსონაჟის, რომლის მორალებს თვითონ არც კი იზიარებს. ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც არ გვაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი და პოლიციის დანახვისას ვერ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ჩვენი ქვეყნის დღევანდელ წყობას შემთხვევით რომელიმე ქვეყნის რეჟიმს ხომ არ ამსგავსებთ?" - წერს ყიფშიძე და აქციის ვიდეოს აქვეყნებს.
0
0