25/09/2022
10:30
მსოფლიო
დღეს წყდება მსოფლიო წესრიგის მომავლის საკითხი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს ნათელია ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის. საკითხავია, იქნება თუ არა ეს ერთი ჰეგემონიის წესრიგი, რომელიც ყველას აიძულებს იცხოვროს თავისი ცნობილი წესებით, რაც მისთვის არის მომგებიანი, თუ იქნება ეს დემოკრატიული, სამართლიანი სამყარო. სამყარო შანტაჟისა და არასასურველთა დაშინების გარეშე, ნეონაციზმისა და ნეოკოლონიალიზმის გარეშე. რუსეთი მტკიცედ ირჩევს მეორე ვარიანტს, ჩვენ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად მოგიწოდებთ ვიმუშაოთ, მის განსახორციელებლად. წარსულს ბარდება მსოფლიო განვითარების ერთპოლუსიანი მოდელი, რომელიც ემსახურებოდა ე.წ. ოქროს მილიარდის ინტერესებს“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, დღეისთვის სუვერენული სახელმწიფოების განაცხადი, რომლებიც ცდილობენ ეროვნული ინტერესების დაცვას, რომელიც მიმართულია თანასწორი და მდგრადი მრავალპოლარული არქიტექტურის მშენებლობისკენ, ვაშინგტონის და მასთან დაქვემდებარებული დასავლური სახელმწიფოების მხრიდან მუქარად აღიქმება.
„აშშ-სა და მის მოკავშირეებს სურთ, ისტორიის ბორბალი შეაჩერონ. ოდესღაც გამოაცხადა რა გამარჯვება ცივ ომში, ვაშინგტონმა საკუთარი თავი აიყვანა უფლის მოციქულის რანგში, რომელსაც არ გააჩნია ვალდებულებები და აქვს მხოლოდ წმინდა უფლებები, იმოქმედოს დაუსჯელად, როგორც და სადაც სურს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ და დასავლეთი ისწრაფიან მსოფლიო ჰეგემონიისკენ; რუსეთის საზღვართან ნატო-ს ძალების განთავსების შემდეგ, ცდილობენ საკუთარი გავლენის აზიაში გავრცელებას.
„მადრიდში, ნატო-ს ივნისის თვის სამიტზე, ამ, როგორც თვითონ უწოდებს თავს, თავდაცვითმა ალიანსმა ევრო-ატლანტიკური და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონების განუყოფლობის შესახებ განაცხადა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგიის ლოზუნგებით იქმნება დახურული ფორმატები, რომლებიც არღვევს ალიანსის ირგვლივ ათწლეულების განმავლობაში აშენებულ ღია და ინკლუზიურ რეგიონულ არქიტექტურას. დამატებით წამოიწყეს თამაში ტაივანთან დაკავშირებით, დაპირდნენ რა სამხედრო დახმარებას“, – განაცხადა ლავროვმა.
უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ შეეგუებოდა კიევის მხრიდან რუსული ენის, განათლების, კულტურის ტოტალურ აკრძალვას და დონბასის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას. ლავროვის თქმით, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა დასავლეთს იმ პრინციპზე შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ არც ერთ მხარეს არ განემტკიცებინა საკუთარი უსაფრთხოება, მეორე მხარის საწინააღმდეგოდ, თუმცა დასავლეთმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.
„დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შეთანხმების უუნარობამ და კიევის რეჟიმის მხრიდან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის წარმოებამ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გვეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დონბასის რუსი და სხვა ეროვნების ხალხის დაცვის მიზნით, ჩვენი უსაფრთხოებისთვის საფრთხის ასაცილებლად, რომელსაც ნატო თანმიმდევრულად ქმნიდა უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში შესაძლო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი, მოხდეს უშიშროების საბჭოს თანამედროვე რეალობასთან მორგება, მისი გაფართოება აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ხარჯზე.
0
0