15/10/2024
16:12
საზოგადოება
2017 წლის მაისში თბილისში, ისნის რაიონში შვილმა დედა მოკლა. მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა აღმოჩნდა.
ანი აყვანილი შვილია, მას 2 წლიდან ზრდიდნენ მშობლები. მამა ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა.
ანამ დედის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა.
ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15-18 წელი ცეკვავდა და მსოფლიოს 80 ბალერინას შორის იყო დასახელებული, ვინც ყველზე უკეთ ასრულებდა გედის პარტიას.
ანა მეუღლეს რამდენიმე წლით ადრე დაშორდა. მათ შვილი არ ჰყოლიათ.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ, პრიმა ბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვანი როლები აღარ ჰქონდა.
ანა ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო კაპელის ერთ-ერთი წევრი იყო. დედა - ასოცირებული პროფესორი. იგი თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ისიც ცნობილია, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. მან პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა. კარგა ხანს ბინის კარი არავინ გააღო, ბოლოს პოლიციამ ბინაში შეაღწია და იქ უმძიმესი სურათი დახვდა. ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც.
მკვლელობაში ბრალდებულ ბალერინას სასამართლომ იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა განუსაზღვრა და ის ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადიოდა მკურნალობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი.
„სამართლებრივად, იძულებითი მკურნალობის მაქსიმალური ვადა 4 წელია. თუ ანა გამოჯანმრთელდება, შესაძლებელია, ის ამ დაწესებულებიდან ადრეც გათავისუფლდეს, მაგრამ თუ მდგომარეობა დამძიმდება, მას იქ მეტი ხნით დარჩენა მოუწევს. ყველაფერი მკურნალობაზეა დამოკიდებული. თუ ანა საზოგადოებისთვის საშიში გახდება და მდგომარეობა დამძიმდება, მას გამოჯანმრთელებამდე გარეთ არავინ გამოუშვებს. დღევანდელი მონაცემებით, ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ წელიწადი და 6 თვე მკურნალობისთვის საკმარისად ჩათვალა”, – განაცხადა მაშინ ანის ადვოკატმა, ვახტანგ აბესაძემ.
მისი თქმით, ანის მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.
„როცა ველაპარაკებოდით, ვერაფერს იხსენებდა, უცნაურ მდგომარეობაში ვარდებოდა, კანკალებდა. შესაბამისად, აღარ ვაიძულებდით, კონტაქტში შემოსულიყო“, – ამბობდა ადვოკატი.
დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე გამოვიდა.
სასამართლომ დაზარალებულად გარდაცვლილის და ცნო. დაზარალებული სასამართლოს განჩინებით უკმაყოფილო იყო და უფრო მკაცრ სასჯელს ელოდნენ, მაგრამ დავა არ გაუგრძელებიათ.
ანის ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ დეიდის ოჯახი ანის გათავისუფლების შემდეგ არ შეურიგდა.
– როდესაც ანი დაწესებულებიდან გამოვიდა, დეიდამ სახლის გასაღები მეზობელთან დაუტოვა და შეუთვალა, რომ მასთან ურთიერთობის აღდგენა არ ეცადა და თუ მივიდოდა, პოლიციას გამოიძახებდა.
2 წლიდან გაზარდეს დედამ და დეიდამ და დიდი ამაგი აქვთ მასზე. რაზე უნდა ესაუბროს, რომ მივიდეს? თვალებში როგორ შეხედავს?
ანის დეიდაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და როცა ანი ციხიდან გამოვიდა, ფულიც კი გამოუგზავნა, მშიერი რომ არ ყოფილიყო, სანამ რაიმე გზას დაადგებოდა.
მკვლელობამდეც ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ დედისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და ეს წლები გრძელდებოდა.
იძახებენენ პოლიციას და ნარკოლოგიურში გადაჰყავდათ. სასმელზე იყო დამოკიდებული, არაყს ეძალებოდა და ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა.
ახლა გავიგეთ, რომ აღარ სვამს და სალონში მუშაობს. ცხოვრობს იმ სახლში, სადაც მკვლელობა ჩაიდინა.
დეიდის ოჯახი ციხეშიც ყურადღებას აქცევდა, ტანისამოსს უგზავნიდნენ, ყველაფრის მიუხედავად.
როგორც ვხვდებით, ანი დედის საფლავზეც დადის, რომელიც თვითონ მოკლა, რადგან სასაფლაოზე მისულ ოჯახის წევრებს ხვდებათ ლარნაკში ჩალაგებული ცოცხალი ყვავილები და სხვა არავინ მიიტანდა, მის გარდა.
0
0