29/09/2021
16:07
პოლიტიკა
ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს ბაქოში ვიზიტისა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, როგორც მეგობარ ქვეყანას, ახარებს საქართველოს მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია.
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები, ასევე შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც. გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა.
გილოცავთ და, როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას. დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით, ასევე რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით, რაც ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მოწვევისთვის! ძალიან სასიხარულოა ბაქოში სტუმრობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები.
დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერსებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას.
ეს არის წელს ჩემი მე-2 ვიზიტი. და, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0