10/04/2024
11:54
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებაზე მეოთხე სახელმწიფოთაშორის სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
„სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი გახდა და ეს უკვე ღიად კეთდება. თვით საერთაშორისო სასამართლოს მიერ სარჩელის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვის დასაშვებობის აღიარების ფაქტიც კი უკვე დანაშაულია, ვინაიდან იგი ეფუძნებოდა მიზანმიმართულ ცინიკურ ტყუილს“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
ცხინვალს მიაჩნია, რომ „ნამდვილი დამნაშავეების დევნის ნაცვლად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო საქართველოს სარჩელი განსახილველად, რითაც მიიჩნია, რომ საქართველომ არასაკმარისი ზიანი მიაყენა სამხრეთ ოსეთიდან 2008 წლის აგვისტოში განმცხადებლებს“.
„რეალობისგან დაშორებული მოვლენის ინტერპრეტაციამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და საერთაშორისო სასამართლოებისადმი ნდობის მიღწევის მცდელობებს. საქართველო ჯერ კიდევ არ აღიარებს თავის დანაშაულს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაში. და ეს მიუხედავად, ევროკავშირის საერთაშორისო კომისიის დასკვნებისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰაიდი ტალიავინი, რომელმაც თავის ანგარიშში ნათლად გამოავლინა საომარი მოქმედებების დაწყების აგრესორი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ECHR-ს, ფაქტების დამახინჯებისა ნაცვლად, იხელმძღვანელოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებითა და ნორმებით.
0
0