18/04/2024
22:48
კულტურა
ქუთაისში 2 მაისობის გალა კონცერტზე სტეფანე მღებრიშვილის ნაცვლად 3 ბენდი იმღერებს. ქალაქის სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებენ SALIO, Goofy Land, კახაბერი და ხანუმები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო დოკუმენდაციის მიხედვით გალა კონცერტი ქალაქს, 36 580 ლარის ნაცვლად 34 740 ლარი დაუჯდება.
“2024 წლის 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე ღია ცის ქვეშ გამართულ გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები, ავტორ-შემსრულებელი კახაბერ ცისკარიძე, სალომე კორკოტაშვილი და ჯგუფი „Goofy Land“ – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
2 მაისს ქუთაისში, ასევე იმღერებენ ნინო სურგულაძე და ესპანელი ტენორი, სერხიო ესკობარი. მათი კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართება. მუსიკოსებისთვის ქალაქის მერიას ცალკე აქვს თანხა გამოყოფილი. ნინო სურგულაძე 14 300 ლარს მიიღებს, ესპანელ ტენორს კი 6 900 დოლარს გადაუხდიან.
“2024 წლის 2 მაისს ქ.ქუთაისში ტარდება ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ქუთაისქალაქობა“, რომელიც სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება. ქუთაისისთვის ეს დღესასწაული მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია და ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა კულტურისა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარების და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 2024 წლის 2 მაისს ქალაქის დღესასწაულზე ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი მსოფლიოში აღიარებული ქართველი ოპერის ვარსკვლავის ნინო სურგულაძის მონაწილეობით. კონცერტში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ესპანელი ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი, ქართული ოპერის თვალსაჩინო წარმომადგენელი მარიკა მაჩიტიძე და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი.” – წერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო დოკუმენდაციაში.
როგორც ცნობილია, სტეფანე მღებრიშვილმა ქუთაისში 2 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თავად განაცხადა. მუსიკოსისა და მისი ბენდისათვის, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით 36 580 ლარი იყო გათვალისწინებული.
ქუთაისის მერიის სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ქალაქს “ქუთაისქალაქობის” მუსიკალური ღონისძიებები, სტეფანეს უარის შემდეგ 69 303 ლარის ნაცვლად 67 404 ლარი დაუჯდება.
0
0