31/01/2025
19:56
პოლიტიკა
სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონცენტრირებას ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე გააკეთებენ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ რა არის ის მექანიზმი, რომლითაც არჩევნების ისეთი ჩატარება შეიძლება, რომ პრეტენზიები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
„დასავლეთში კარგი რაც არის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ლიბერალიზმის შიგნით არსებულ გამოწვევებზე დაიწყო საუბარი იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ახალი იყო და ახლა ჩვენ ცოტა სხვანაირად წარმოგვიდგენია იქ მიმდინარე პროცესები. ჩემთვის ისედაც გასაგები იყო, რომ ლიბერალიზმი მთლიანობაში ვერსად ვერ გაქრება იმიტომ, რომ მათ ძალიან ღირებული მოცემულობები გააჩნიათ და ეს კრიტიკა იქ ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება სწორად მოიქცა, სხვა გზა მას არ დაუტოვეს, პრინციპში. მე რომ მკითხოს ადამიანმა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა კონცენტრირება არჩევნებზე, რომლებიც ოქტომბერში იქნება და, ჩემი აზრით, ოპოზიციასაც რომ ჰქონდეს უფრო მეტი საღი აზრი, ისინიც უნდა კონცენტრირდნენ ამაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გავიგოთ რა არის ის მექანიზმი, რომლითაც არჩევნების ისეთი ჩატარება შეიძლება, რომ პრეტენზიები იყოს ნულამდე თუ არა მინიმუმამდე დაყვანილი. ინტერესი იმდენად დიდია არჩევნების მიმართ, დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთვება სწორედ იმ მექანიზმების განხილვაში, რითაც მერე უნდა შეფასდეს თუ როგორ ჩატარდა არჩევნები“, - განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ისედაც იქნება ბევრის მთქმელი. კაკულიამ აღნიშნა, რომ მანამდე ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს არსებულ ზეწოლებს. მან გამოთქვა იმედი, რომ ეს ზეწოლები ხელისუფლების მიმართ შემცირდება.
„დაველოდოთ უკვე ტრამპის ადმინისტრაციას, ძალიან ძნელია ნიუანსებში ჩაიხედო, მაგრამ იმედი მეც მაქვს, რომ მათი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ, „ქართული ოცნება“ ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებზე და ისეთი მექანიზმების დახვეწაზე, რომ ეს ლაპარაკი დამთავრდეს გაყალბებასთან დაკავშირებით, იმდენად გასაგები უნდა იყოს ეს მექანიზმი“, - აღნიშნა კაკულიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არის სულ მცირე 500 ათასი ადამიანი, რომელსაც სიახლე სურს. კაკულიას განცხადებით, მათი ნაწილი შეიძლება არც კი იყო არჩევნებზე, მაგრამ ისინი არასოდეს არ იქნებიან ამ ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც გეოპოლიტიკურ ილუზიებში არიან.
„როდესაც რეპუტაციულ ტვირთზე ვლაპარაკობდი იქითა მხარეს, ყველაზე ცუდი იცით რა არის? მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რა საფრთხეებთან არის საქმე, მაგრამ მათი შინაგანი მრწამსი არის ასეთი, რომ მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და მერე იომებენ აბა რას იზამენ. რაც იყო ზუსტად ზელენსკის დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა კაკულიამ.
კაკულიას თქმით, ახალგაზრდებს ევროპული თემა უალტერნატივოდ დაუხატეს და ბევრი რამ მათთვის ძნელი აღსაქმელი და გასაგებია, ამიტომ ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.
„შემძულდა სიტყვა მისწრაფება. მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, საკუთარი ქვეყანა როგორი უნდა იყოს. თუ მართლა გვინდა გავიგოთ რას ვაკეთებთ, მოდით ჩამოვყალიბდეთ რა არის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა და მერე ოღონდ „ქართული ოცნების“ პლუსზე და მინუსზე ვილაპარაკოთ იმ ადამიანებმა, ვისაც გეოპოლიტიკური ილუზიები არ გვაქვს. ჩვენ ვიცით რა ხდება გარეთ და როგორმე შევქმნათ ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება მტერი და შურისმაძიებელი, არამედ შეეცდება „ქართული ოცნება“ ჩააჩოჩოს თავის დროზე კონკურენციით ხელისუფლებისაგან და მოიტანოს ახალი რეალობა. აი ეს არის მომავალი“, - განაცხადა კაკულიამ.
0
0