17/01/2024
22:25
მედიცინა
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა მაკაკა რეზუსის პირველი ჯანმრთელი კლონი გამოიყვანეს, რომელმაც ზრდასრულობას მიაღწია და უკვე ორ წელზე მეტი ხანია, ცოცხლობს.
მანამდე, 2018 წელს, კიბორჩხალიჭამია მაკაკის 109 კლონირებული ემბრიონიდან მეცნიერებმა 2 ჯანმრთელი მაიმუნი გამოიყვანეს.
მაკაკა რეზუსის წარმატებული კლონირებისთვის მეცნიერებმა ტრადიციული კლონირების მეთოდის, სომატური უჯრედის ბირთვის გადატანის (SCNT), შეცვლილი ვარიანტი გამოიყენეს. SCNT-ის დროს უბირთვო კვერცხუჯრედში შეჰყავთ არასასქესო უჯრედის ბირთვი. როგორც წესი, პროცედურა ხშირად წარუმატებელია, კლონი ან არ იბადება, ან მცირე ხნით ცოცხლობს.
2022 წელს, მეცნიერებმა ამავე სახეობის კლონირება SCNT-ის გამოყენებით სცადეს, მაგრამ დაბადებულმა მაიმუნმა 12 საათზე ნაკლები იცოცხლა.
იმის გასარკვევად, თუ რა პრობლემები წარმოიქმნება პროცედურის დროს, მეცნიერებმა SCNT-ის მეშვეობით 484 რეზუსის ემბრიონი გამოიყვანეს და კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდის პირდაპირი შეყვანით, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით (ICSI), გამოყვანილ 499 ემბრიონს შეადარეს. როგოც მკვლევრებმა დაადგინეს, პრობლემა ნაყოფის განვითარების დროს გენურ ექსპრესიასა და დეფექტურ პლაცენტებში მდგომარეობს.
ამიტომ, მეცნიერებმა SCNT-ის პროცედურაში ცვლილებები შეიტანეს. მკვლევრებმა კლონირებული ნაყოფის ტროფობლასტები, განვითარებადი ემბრიონის გარე შრე, რომელიც მოგვიანებით პლაცენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ჩაანაცვლეს ICSI-ით მიღებული ემბრიონების ტროფობლასტებით. კვლევის თანაავტორის, ჟენ ლიუს, თქმით, ამის შედეგად ემბრიონებს უვითარდებათ "ბუნებრივი პლაცენტა, მაგრამ ნაყოფი მაინც კლონირებულია".
"ასე შეგვიძლია, გენეტიკურად იდენტური მაიმუნების დიდი რაოდენობა შევქმნათ, რომელთა გამოყენებაც მედიკამენტების ეფექტურობის ტესტირებისთვის შეიძლება". - თქვა მუ-მინგ პოომ, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა.
თუმცა, სხვა მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მკლევართა მიერ წარმოდგენილი პროცედურის ეფექტიანობა ტრადიციული ტექნიკის ეფექტიანობისგან დიდად არ განსხვავდება. ესპანეთის ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი გენეტიკოსის, ლუის მონტოლიუს, თქმით, "პროცესის ეფექტურობა მსგავსია, უფრო დაბალიც კი არის".
"ასეთი დაბალი ეფექტიანობის მაჩვენებლებით ამ ექსპერიმენტებითაც კი ძალიან რთულია წარმატების მიღწევა". - თქვა მონტოლიუმ.
0
0