27/11/2024
10:46
მსოფლიო
ჩინეთის სახელმწიფო მედია ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ პროდუქციაზე ფენტანილის ტრეფიკინგის გამო დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის საზიანო სავაჭრო ომს გამოიწვევს.
China Daily-სა და Global Times-ის ჩინურმა რედაქციებმა ტრამპს მოუწოდა, რომ, აშშ-ში არსებული ფენტანილის გამოყენების პრობლემის გამო, თავი შეიკავოს ჩინეთის „განტევების ვაცად“ წარმოჩენისგან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო ომები სარგებელს არავის მოუტანს.
როგორც ცნობილია, ტრამპმა პირობა დადო, რომ ჩინური საქონლის იმპორტზე 10%-იან ტარიფს დააწესებს მანამ, სანამ პეკინი ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.
ეკონომისტების პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2025 და 2026 წლებისთვის შემცირდება, ხოლო აშშ-ში ცხოვრების ხარჯები მოიმატებს ტარიფების პოტენციური ზრდის გამო. ტრამპის მუქარა პროდუქციაზე მნიშვნელოვნად მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ [მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში 7,5%-25% იყო] ჩინური ბიზნესისთვის შემაშფოთებელია. ეკონომისტების შეფასებით, ეს ნაბიჯი გაუმართლებელია. მათი ვარაუდით, ჩინურ საქონელზე დაწესებული ტარიფები 15%-დან 60%-მდე იქნება.
როგორც Reuters-ი წერს, ოქტომბერში, ჩინური ფირმების მოგება 10%-ით შემცირდა. დონალდ ტრამპმა ვაჭრობის საკითხებში მრჩევლად ჯეიმისონ გრირი აირჩია, რაც გამკაცრებულ სავაჭრო პოლიტიკაზე მიუთითებს, მათ შორის მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესებასა და სავაჭრო გარიგებებზე შესაძლო ხელახალი მოლაპარაკებების დაწყებაზე. ტრამპის ძირითადი ამოცანა აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირება და შიდა წარმოების გაძლიერებაა, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების მომავალი კი გაურკვეველი რჩება.
0
0