03/05/2022
20:19
კონფლიქტები
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
საპარლამენტო დელეგაციას ადგილზე სიტუაცია გააცნო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ. მან ჩეხ სტუმრებს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„საოკუპაციო ხაზზე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმდენად, რამდენადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თვალით იხილონ, თუ რა არის რუსული ოკუპაცია და ოკუპაციის მძიმე შედეგები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები, უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, აქ პირდაპირი უმძიმესი შედეგია რუსული ოკუპაციის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილზე ნახონ ეს ყველაფერი და ადგილზე გაეცნონ ოკუპაციის მძიმე შედეგებს.
ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, იმდენად რამდენადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ევროკავშირის შუამავლობით მოაწერა ხელი საქართველომ და რუსეთის ფედერაციაზე სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გაზრდაა მნიშვნელოვანი, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საერთაშორის სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა და ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია.
„ეს ძალისხმევა უნდა იყოს უნივერსალური, ზეწოლა უნდა იყოს მზარდი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და პასუხი აგოს იმ მძიმე შედეგებზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ის ახორციელებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0