22/05/2023
08:08
სპორტი
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ქართველი, რომელსაც მატჩამდე მცირე ტრავმა ჰქონდა, მომჯობინდა და მილანურ გუნდთან შეხვედრაში პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, მაგრამ მცველები მის წინააღმდეგ ყურადღებით თამაშობდნენ.
66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა ანდრე ონანამ მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგარძელდა და ზამბო ანგისამ ანგარიში გახსნა – 1:0.
79-ე წუთზე პიოტრ ზელინსკის წამოწყებული შეტევა ხვიჩამ განაგრძო და ჯოვანი სიმეონეს ბურთი გადააწოდა, რომელმაც გაიტანა, თუმცა გოლი გაუქმდა.
82-ე წუთზე კაცნაკლული „ინტერის“ კონტრშეტევა რომელუ ლუკაკუმ დაასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელიაც შეცვალა.
სამი წუთის შემდეგ კი „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ შესანიშნავი დარტყმით მასპინძლები ისევ დააწინაურა – 2:1.
მატჩის ბოლოს, 90+4-ე წუთზე ჯანლუკა გაეტანომ „ინტერის“ უკანახაზში შექმნილი სივრცით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გათამაშების დასრულებამდე დიდი ხნით ადრე გახდა. 36 ტურის შემდეგ გუნდს 86 ქულა აქვს.
ცნობისთვის, ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა.
0
0