10/12/2021
12:33
საზოგადოება
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზები არ იცის და ეს გადაწყვეტილებაც მისთვის გუშინ გახდა ცნობილი.
„გუშინ გახდა ცნობილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ. წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს. ამასთან, გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას.
მიზეზებთან დაკავშირებით მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც ის ფიქრობს აქტივობის გაგრძელებას. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ეკა ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მან მოახერხოს როგორც სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმების განვრცობა, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმებისა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი განცხადება, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი.
კოვიდის მართვა განსაკუთრებულ საჭიროებებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ საკითხების გადაბარება მოხდეს სწორად და არცერთ შემთხვევაში წყვეტა არცერთი მიმართულებით არ გვქონდეს. სხვა დანარჩენი არის მენეჯმენტისა და ადგილზე მოსაგვარებელი თემები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში თვის ბოლომდე უნდა გაკეთდეს ისე, რომ კოვიდის არცერთ მიმართულებას მართვის რისკები არ შეექმნას,“- განაცხადა გაბუნიამ.
0
0