28/10/2024
11:41
მსოფლიო
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა მისი მკვლელობა სცადეს და ავტომობილს, რომლითაც ის მგზავრობდა, ცეცხლსასროლი ირაღიდან ესროლეს.
BBC-ის ინფორმაციით, ევო მორალესმა სოციალურ მედიაში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ავტომობილს საქარე მინაზე ორი ნატყვიარი აღენიშნება, წინა სავარძელზე კი -მორალესი იჯდა.
მორალესის პარტიამ „მოძრაობა სოციალიზმისთვის“ განაცხადა, რომ მორალესის ავტომობილს შავებში ჩაცმულმა მამაკაცებმა იმ დროს ესროლეს, როდესაც მან სამხედრო ყაზარმთან გაიარა. პარტია პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ლუის არსეს მთავრობას აკისრებს.
თავის მხრივ, არსემ პოლიტიკური ძალადობა დაგმო და ინციდენტის გამოძიების დაწყების პირობა დადო. მორალესის მტკიცებით, თავდასხმა წარმოადგენს "სამხედრო და პოლიციის ძალებს შორის წარმოებულ ერთობლივ ოპერაციას".
„თავდასხმა ბოლივიის არმიის მეცხრე დივიზიის ბაზასთან, ქვეყნის ცენტრში, მოხდა. ტყვია სანტიმეტრით ამცდა და მანქანის მძღოლი დაშავდა. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ფაშისტური ხელისუფლების წინაშე ვდგავართ“, - თქვა მორალესმა.
ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტი 2006-2019 წლებში იყო. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ტრეფიკინგის საქმეზე, თუმცა მორალესი ბრალდებებს უარყოფს.
0
0