25/10/2024
11:46
საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
„საინტერესო შეხვედრა გავმართე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში რათა დააკვირდნენ ჩვენს არჩევნებს. მათ განსაკუთრებულ ყურადღების საგანს სწორედ რომ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს, როგორც არჩევნებამდე დანერგვის ნაწილში, ასევე, მათი გამოყენების ასპექტები კენჭისყრის დღეს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ისინი დედაქალაქში მოახდენენ დაკვირვებას. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები და ინსტიტუციის მზაობა ამ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია,’’- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე. მისი თქმით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს.
შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 ოქტომბერს გაიმართა.
0
0