01/05/2024
11:59
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
„კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კანონდამრღვევი დაკავებულია; მას ბზის უკანონო მოპოვებისთვის ადმინისტარციულ ჯარიმასთან ერთად, სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ ფოტოხაფანგის ღირებულების - 513,33 ლარის გადახდა დაეკისრა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, პატრულირებას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ნებისმიერ ფაქტზე ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები“, - აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
0
0