27/11/2024
21:30
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას.
ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“გასული კვირის მინისტრთა წარმატებული შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში, რომელზეც უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია საზღვრის დაცვის პაკეტზე შეთანხმდნენ, დღეს ევროპული ინტეგრაციისა და შენგენის ზონისკენ საკვანძო ნაბიჯი აღინიშნება. Coreper-მა [მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა] დაასრულა საბჭოს გადაწყვეტილების მომზადება გააუქმოს შიდა სასაზღვრო შემოწმებები ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1 იანვრიდან. ფორმალური მიღება მოსალოდნელია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოზე 12 დეკემბერს,” - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 2010 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა მათ ავსტრია და ნიდერლანდები არალეგალური მიგრაციის შეკავებისთვის არასაკმარისი ზომების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.
2023 წლის დასასრულს ევროკავშირში გარკვეული კონსენსუსი გაჩნდა ქვეყნების შენგენის ზონაში “ნაწილობრივ” შესვლაზე, რაც აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში შემოწმებების გაუქმებას ითვალისწინებდა.
ავსტრიამ თავისი ბოლო წინააღმდეგობები მოხსნა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ზომების პაკეტს მოეწერა ხელი, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერებას ისახავენ მიზნად.
0
0