14/07/2023
14:32
სპორტი
საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ ადმინისტრაციამ ქუთაისში „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოსთან“ მატჩის შემდეგ განცხადება გაავრცელა და სტადიონიდან თამაშის დაწყებისას ბოსნია-ჰერცეგოვინელი გულშემატკივრების გაყვანა გააპროტესტა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩამდე ქუთაისის სტადიონზე სტუმარმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს, რის გამოც პოლიციამ ფანებს ტრიბუნები დაატოვებინა.
„გულშემატკივრები, რომლებიც 2500 კილომეტრს გაივლიან, მიდიან არა პრობლემების შესაქმნელად, არამედ ჩვენს გასამხნევებლად. „სარაევოს“ გულშემატკივრები ქართულმა პოლიციამ თამაშის დაწყებამდე სტადიონიდან გამოაგდო. არადა, ფეხბურთელი გულშემატკივრებისთვის თამაშობს“, – წერია „სარაევოს“ განცხადებაში.
“ცხადია, ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის თამაშობენ და დასაფასებელია ადამიანები, რომელიც საყვარელი გუნდის საქომაგოდ 2500 კილომეტრს გაივლიან. მაგრამ ამ განცხადებაში და ბოსნია-ჰერცეგოვინის მედიაში გამოქვეყნებულ წერილებში არაფერია ნათქვამი რეალურად რა მოხდა” – ამის შესახებ ქუთაისელი გულშემატკივრები კომენტარებში წერენ.
„ვიღაც შუა ქალაქში არაფრის გამო მანქანას რომ დაგიმტვრევს, მერე კი სტადიონზე – სკამებს, რა უნდა გააკეთო?
სირცხვილია ის, რაც სტუმრებმა გააკეთეს ქალაქში – დადიოდნენ და ხალხს უხამს ჟესტებს აჩვენებდნენ. მერე ერთმანეთში იჩხუბეს.
უმიზეზოდ ტრიბუნიდან არავის აგდებენ. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა მათი ტრიბუნა, რომ არ გადმოსულიყვნენ (სხვა ტრიბუნაზე) და პოლიციას დაცხეს. რა უნდა ექნათ, მადლობა გადაეხადათ?
სხვას რომ ვერ მიეკარნენ, რამდენიმე პოლიციელი დააზიანეს. 3000-მდე კილომეტრი გაიარეს და სტადიონის ეზოში ისხდნენ, მინდორში.
მანამდე ჯგუფად მიცვივდნენ ჩვენებს, თავს მოულოდნელად დაესხნენ და კიდევ უკვირთ, რატომ გააგდესო“.
კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს გაიმართება – შეხვედრას ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. ცნობისთვის გუშინდელი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
0
0