21/06/2024
20:07
სამართალი
ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 12 უვადო მსჯავრდადებული არის გამოსული და დანაშაული პრაქტიკულად არცერთს ჩაუდენია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „იმედს“ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით თურქეთის შემდეგ და მისი რეკომენდაცია, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს.
„პატიმრების მდგომარეობის შედარება საერთოდ ზედმეტია 2012-წლამდე არსებულ მდგომარეობასთან. ეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანია, რომ ის სტანდარტები, რაც არის საერთაშორისო ევროპული სტანდარტები, ყველგან იყოს დაცული. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით თურქეთის შემდეგ და ჩემი რეკომენდაციაც არის, რომ პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს. უნდა შემცირდეს რა თქმა უნდა, არ იმ მეთოდით, რომ კარი გაიღოს და გამოვიდნენ ეს ადამიანები. პენიტენციურმა უნდა შესთავაზოს მეტი პროგრამა, რომელიც მათ მოამზადებს ვადამდელ პირობით გათავისუფლებისთვის და ამ მექანიზმით მეტმა ადამიანმა უნდა დატოვოს საპატიმრო“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მან ასევე ისაუბრა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებითაც.
„2012 წელს გამოცხადდა ამნისტია და ყველას შეეხო უკლებლივ და დღეს არავინ აღარაა ციხეში, რამდენიმე ადამიანის გარდა, ვინც 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს, გარდა უვადო პატიმრებისა, რომელთაც არაფერი შეეხოთ სამწუხაროდ და დღემდე ზოგმა, თითქმის 3 ათეული წელი გაატარა ციხეში და არანაირი პერსპექტივა იმისა, რომ ისინი ოდესმე დატოვებენ საპატიმროს, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სოციალიზაცია, ცხოვრებისთვის მომზადება და გამოშვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ბევრი მათგანი საერთოდ 18-20 წლისები იყვნენ დანაშაული რომ ჩაიდინეს და დღეს უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, გადაფასებული აქვთ თავიანთი ცხოვრება. სტატისტიკადაც გეტყვით, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 12 უვადო მსჯავრდადებული არის გამოსული და დანაშაული პრაქტიკულად არცერთს ჩაუდენია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ“,- აღნიშნა იოსელიანმა.
0
0