25/08/2024
12:50
კულტურა
Black Sea Arena-მ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს” უმასპინძლა. სამი განყოფილებისგან შემდგარი კონცერტი, მაყურებლის ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა.
Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში „ერისიონმა“, თავიანთი შემოქმედებით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში გვამოგზაურა. „ქართული საგანძური” - ასე ჰქვია ერისიონის შოუ პროგრამას, რომლითაც ანსამბლი წელს ევროპის დიდ საგასტროლო ტურნეში 4 ქვეყნის 12 ქალაქში წარდგა უცხოელი მაყურებლის წინაშე და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო. 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა, გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას, რომელიც „ერისიონის“ ორსაათიან შოუ-პროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს.
რამდენიმე ათეული წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს ანსამბლის კონცერტები საქართველოშიც. Black Sea Arena-ზე აქამდე ორჯერ გამართულმა კონცერტმაც, სრულად სავსე დარბაზით და უსაზღვრო ემოციების ფონზე ჩაიარა, რაც არენაზე ქართული ანსამბლისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. რადგანაც Black Sea Arena ყველანაირი მუსიკალური გემოვნების ადამიანებზე ზრუნავს, „ერისიონის“ კონცერტი შეკვეთილში კიდევ ერთხელ გაიმართება. ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 5 ივლისს დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს უკვე ესტუმრნენ OneRepublic და Scorpions და Jungle , რომელთა კონცერტებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
0
0