21/04/2022
20:17
სამხედრო
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს. მასშტაბურ პროექტებს შორის აღსანიშნავია სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა მუხროვანში და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოში. თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „ეს იქნება აღმშენებლობა არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ სხვადასხვა სფეროში.
ეს ორი პროექტი ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებულია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრის თქმით, სპეციალური ოპერაციების ძალები ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა თავდაცვის ძალებში. „ჩვენს სპეციალური ოპერაციების ძალებს ექნებათ თანამედროვე, ძალიან განვითარებული ბაზა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ გაიარონ და მიიღონ ის ცოდნა, რაც აქვთ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს“, - აღნიშნა მან.
მეორე მასშტაბური ინფრასტრუტურულ პროექტთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის აღმოსავლეთ საქართველოში გახსნის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. „კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღებაზე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისთან ახლოს აშენდეს სამხედრო ლიცეუმი, სადაც მიიღებენ განათლებას ჩვენი ახალგზარდები“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. „განათლება ის ფუნდამენტია, რაზეც დგას და რაზეც შენდება არა მხოლოდ ჯარის, არამედ ქვეყნის მომავალი. ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამაგალითო თაობა იზრდება, რომლებიც სამხედრო და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულნი, განათლებული, თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდები არიან და უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი ქულებით ხვდებიან“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
0
0