29/06/2023
08:58
სპორტი
ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონიც ითამაშებს, რადგან უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება გაითვალისწინა – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.
„გუშინ უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა. მე გახლავართ ახალგაზრდული და მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტში თავმჯდომარის მეორე მოადგილე. დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დამტკიცდა. ეს ეხება ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას, სადაც შეზღუდული იყო ქვეყნების რაოდენობა. ფედერაციაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ერთხელ ითამაშა „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა და შემდეგ – „საბურთალომ“. ამ ტურნირზე ჩვენი მონაწილეობა სხვებზე იყო დამოკიდებული, ასევე – საკლუბო რეიტინგზე.
ჩვენ რადგან ტურნირზე გარანტირებული ადგილი არ გვქონდა, შარშან კომიტეტის სხდომაზე დავსვი საკითხი, უეფა-ს აღმასკომს განეხილა წინადადება, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ქვეყანას ეთამაშა, არგუმენტად მოვიყვანე ბევრი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ფეხბურთს განვითარება.
სასიხარულია, რომ უეფა-მ გაითვალისწინა ეს საკითხი, რომელიც სხდომაზე დღეს გავიდა და დააკმაყოფილეს ჩვენი წინადადება. ქართულ კლუბებს შევპირდით, რომ ამ საკითხის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას შევეცდებოდით. უეფა-ს, მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენი წინადადება გაითვალისწინა. ახალი წესით გათამაშება უკვე შემდეგ წლიდან, 2024-25-ის სეზონიდან დაიწყება და საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ითამაშებს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ დავით მუჯირმა.
0
0