07/11/2024
13:02
მსოფლიო
ავსტრალიის მთავრობამ პირობა დადო, რომ "მსოფლიოში წამყვან" კანონმდებლობას მიიღებს, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას აკრძალავს.
"სოციალური მედია ზიანს აყენებს ჩვენს შვილებს. ათასობით მშობელს და ბებიას, დეიდას და ბიძას, ვესაუბრე. ისინი, ისევე როგორც მე, შეშფოთებულნი არიან იმ საფრთხეების გამო, რომლებიც შეიძლება ინტერნეტზე შვილების წვდომას მოჰყვეს.
პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და ილონ მასკის X-ი, ასაკობრივი შეზღუდვა ძალაში შევა კანონის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. ამ 12 თვის განმავლობაში ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ შევზღუდოთ 16 წლამდე ასაკის ავსტრალიელი ბავშვების ინტერნეტაქტივობა", - თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.
ავსტრალიის პარლამენტი საკანომდებლო პროექტის განხილვას 2024 წლის 18 ნოემბრიდან დაიწყებს. ავსტრალიის კომუნიკაციების მინისტრმა მიშელ როულენდმა თქვა, რომ აღნიშნული კანონი YouTube-საც შეეხება. პლატფორმები ასაკობრივი ლიმიტის დარღვევისთვის დაჯარიმდებიან, არასრულწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებს კი ჯარიმა არ შეეხებათ.
ალბანესის განმარტებით, დაშვებული იქნება გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას ეხება.
როგორც Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა Meta-მ განაცხადა, მისი პლატფორმები პატივს სცემენ ნებისმიერ ასაკობრივ შეზღუდვას, რომლის დანერგვაც ავსტრალიის მთავრობას სურს.
0
0