22/06/2022
12:54
მსოფლიო
„ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში, პაქტიკაში, მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 280 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა,“ - იუწყება ავღანეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
მაშველები დაშავებულების გადარჩენას ცდილობენ.
„სამწუხაროდ, გუშინ ღამით, პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც, დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს მთავრობის სპიკერი, ბილალ კარიმი „ტვიტერზე“.
თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დახმარების სააგენტოებს დაზარალებულ რაიონებში სასწრაფოდ ჩასვლისკენ მოუწოდეს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Bakhtar-ის განცხადებით კი, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი.
6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის მასშტაბით. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მიწისძვრა დაფიქსირდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში და ასევე პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.
0
0