09/08/2024
21:22
კულტურა
მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც მაყურებელმა მასობრივად სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" მანანას როლით გაიცნო და შეიყვარა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია დღეს მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
ირაკლი საღინაძე, ჩცდ-ს პროდიუსერი:
- ცოტა მიჭირს და ცოტა ძნელია ჩემთვის ახლა საუბარი, ჩვენი კოლექტივის მართლა სული და გული იყო, ძალიან კარგი, მხიარული ადამიანი... მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ყველას მეგობარი და თანასწორი იყო. მართლა უმძიმესი შეგრძნებაა, რომ აღარ არის. საოცარი განცდა გვაქვს, რომ ჩვენი საერთო ბებია გარდაიცვალა. ძალიან გულდასაწყვეტია, ძალიან. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ ჩვენს გუნდს, რადგან ჩვენი დიდი ოჯახის წევრივით იყო. პერიოდულად ვეხმიანებოდით, სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარ მინახავს, ცოტას ავადმყოფობდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო...
ეკა მჟავანაძე, მსახიობი, "ჩცდ"-ს კასტინგის რეჟისორი:
- მედიკოს ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო, კერძოდ, მამაჩემის, კუკური მჟავანაძის ახლო მეგობარი. საბჭოთა კავშირის დროინდელ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებობდა „სახალხო თეატრი“, რომელშიც მამამ ნიჭიერი ახალგაზრდები შეკრიბა და მათი შემადგენლობით "სახალხო თეატრი" შექმნა. სხვათა შორის, მამაჩემს ამ დამსახურებას მედიკო არასდროს უკარგავდა და ხშირად ინტერვიუებსა თუ კერძო საუბრებში მოიხსენიებდა ხოლმე. ძალიან უყვარდა. საერთოდ მამაჩემს მსახიობები ძალიან პატივს სცემდნენ. ერთ გუნდად და ერთ ოჯახად იყვნენ. ბევრს მოგზაურობდნენ. სერიოზული წარმატებები ჰქონდათ საქართველოს საზღვრებს გარეთ - საბჭოთა კავშირის ქვეყნებში... მედიკო ყოველთვის წამყვან როლებს თამაშობდა. გავიხსენებ იმას, რომ მასთან ერთად სცენაზე მეც ვმდგარვარ. მაშინ ასე, 8 წლის ვიქნებოდი. იყო ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა კავშირის ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების რომელიღაც წლისთავისთვის დაიდგა. 4 პატარა ნოველისგან შედგებოდა. ერთ-ერთ ნოველაში მე ვთამაშობდი მთავარ როლს და ერთში - მედიკო - ჯარისკაცის დედა გახლდათ. მახსოვს, მაგ როლს როგორ კარგად თამაშობდა... ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მიხარია, რომ ეს ნიჭი არ დაიკარგა და ხალხმა ის ძალიან შეიყვარა, გულში ჩაიკრა.
- და ამ საქმეში ლომის წილი თქვენ მიგიძღვით. გავიხსენოთ როგორ შეარჩიეთ ის "ჩცდ"-ს პერსონაჟად?
- როდესაც დადგა დრო, რომ ეს სერიალი უნდა დაწყებულიყო, ბევრ მსახიობს ვარჩევდით და იმ ასაკისთვის შესაბამისად, რა ასაკსაც ითხოვდნენ, ყველა მსახიობი გავსინჯეთ, სინჯები ჩავწერეთ. ერთი აწ გარდაცვლილი მსახიობი იყო შერჩეული, მაგრამ ისე მოხდა, რომ საბოლოოდ ის ვერ დაამტკიცეს. მერე დავიწყე ფიქრი, ვინ უნდა ყოფილიყო და მახსოვს ერთი მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ გადაღება, ყველა გმირი გვყავს და არ არის ბებია. ღამე იყო, ვიწექი და ვფიქრობდი, ვბორგავდი, რა ვქნა-მეთქი? უცებ მედიკო გამახსენდა, რომელიც დიდი ხანი ნანახი არ მყავდა. შუა ღამისას, 3 საათზე ვურეკავ რეჟისორს, გიორგი ლიფონავას და ვეუბნები, გამახსენდა გმირი, ვინც ჩვენ გვინდა, ვინ შეიძლება ტიპაჟურად იყოს, ნიჭიერი ქალია, უნდა დავურეკო და მოვიყვან-მეთქი. კი, მოიყვანე, აბა? კაი, ვნახოთ... მეორე დღეს დავურეკე, მოვიყვანე, ოფისში კიბეები იყო ამოსასვლელი და ქოშინით ამოვიდა. რა გინდა, რას მერჩი, თავი გამანებე, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობსო. ვერაფერს ვითამაშებ, რა სერიალი, სერიალში არასდროს ვყოფილვარო. ხომ ხედავ, ვერ დავდივარ, ჰაერი არ მყოფნის, მაგრამ სიგარეტს მაინც ეწეოდა. ვეჩხუბებოდი, კარგი, თავი დამანებეო... სინჯები ჩავწერეთ, დაამტკიცეს და მოხდა ის, რაც მოხდა... ეს ყველაფერი იყო 13 წლის წინ.
ამასთან, არაჩვეულებრივ ლექსებსაც წერდა. ერთხელ მეც მომიძღვნა, შენახული მაქვს მისი ხელით დაწერილი ლექსი... მხიარული და იუმორის მოყვარული იყო. ეს ქუთაისიდან მოჰყვებოდა, მართლა საოცარი იუმორი ჰქონდა... ჩემს მეხსიერებაში ახალგაზრდა მედიკოც ასეთი იყო, - ესვა წითელი მანიკიური, წითელი პომადა, თმა წითლად ჰქონდა შეღებილი და ეწეოდა სიგარეტს. ეს იყო 70 წლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან თამამი ქალი გახლდათ... ჩვენს სახლში, ვერაზე ისეთი სუფრები იშლებოდა, თეატრის მსახიობებს მამას სტუდენტებს ვეძახდით, რომლებიც ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ. მრგვალი მაგიდა გვქონდა, იმას რომ შემოუსხდებოდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ, ცეკავდნენ... ისეთი ამბავი იყო, დედაჩემი ფანჯრებს ხურავდა, მეზობლები არ შეწუხდნენ, სირცხვილია, გაიღვიძებენო... ახლა მაგ თეატრიდან ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - მედიკო ლორთქიფანიძე წავიდა... სერიალის გადაღებისას, ხშირად როცა დიდი ტექსტები ჰქონდა, ვერ იმახსოვრებდა, ასაკი თავისას შვრებოდა. ერთხელ მახსოვს, მითხრა, - ტექსტი დავწერე და მაგიდაზე შევაცურე და იქ ვიხედებოდიო. გიორგი მიყურებდა და მერე დამიძახა, - მედიკო, აწიე თვალები, რატომ არ იცი ტექსტიო? გიორგის მეშინია ხოლმე, ტექსტი როცა არ ვიცი, არ მეჩხუბოსო.
“ამბები”
0
0