07/09/2024
12:21
სპორტი
საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „ჯვაროსნები“ ახალ ციკლშიც გაახარებენ გულშემატკივრებს.
„თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე.
თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
24 წლის ნახევარმცველმა პირველად საქართველოს ნაკრებში ერთი წლის წინ, 2023 წლის სექტემბერში ითამაშა, მაგრამ ამ მცირე დროში იმდენი მოახერხა, რომ „ჯვაროსნების“ შეუცვლელ და გულშემატკივრების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში ჩეხეთს 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0