19/05/2024
18:14
კულტურა
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობის დღეებში, კულტურული პარკ-კომპლექსი „მახტუმკული ფრაგი“ გაიხსნა.
თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით პარკში, სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით, შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.
ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იოსებ ბაღათურიამ, კონსტანტინე საბიაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი. გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.
თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას და, ამავდროულად, ნათელი დადასტურებაა ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურული კავშირისა.
0
0