10/10/2024
19:28
საზოგადოება
აშშ-ის ვიზები, რომლებსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გასცემს, ამიერიდან ახალი დიზაინით გაიცემა - ამის შესახებ ინფორმაციას სავიზო საკონსულტაციო კომპანია e-Consul ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზის ახალ დიზაინზე მუშაობა 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ქვეყნებში, სადაც შეერთებული შტატების საკონსულოები ფუნქციონირებს, ძველი დიზაინების ჩანაცვლება ეტაპობრივად, 2023 წლის სექტემბრიდან ხდება.
ახალ ვიზუალში ამერიკის მე-16 პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი "გოლდენ გეითის" ხიდის გამოსახულებითაა ჩანაცვლებული.
სან-ფრანცისკოს მთავარი ტურისტული ატრაქციის გარდა, ვიზის ახალ დიზაინზე დატანილია ვარსკვლავები, ვიზის ნომერი კი ზომაშია გაზრდილი და უფრო შესამჩნევია.
დიზაინზე, რომელზეც აბრაამ ლინკოლნია გამოსახული, აშშ 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და 2002 წელს გამოიცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დიზაინში გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების უფრო ძლიერი სტანდარტები, მათ შორის ბიომეტრიული ინფორმაცია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზის დიზაინს რეგულარულად აახლებს, რითაც ხელს უწყობს საემიგრაციო თაღლითობის პრევენციას. დოკუმენტის ახალი ვიზუალის შემუშავებას ხშირად წლები სჭირდება, რადგან დიზაინის შექმნის თითოეულ ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც დოკუმენტის გაყალბების შანსს გააჩენს.
ცხადია, ვიზები, რომლებზეც აბრაამ ლინკოლნის გამოსახულებაა დატანილი, კვლავ ვალიდურია და მათი გამოყენება ვიზის ვადის ამოწურვამდეა შესაძლებელი.
bm.ge
0
0