19/09/2024
15:12
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერს ბრაიან ჯეფრი რაიმონდს, რომელიც, მსოფლიო მასშტაბით, 30 ქალს ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა, ფოტოებით აფიქსირებდა და სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდა, 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბრაიან ჯეფრი რაიმონდი ქალებს გასაცნობ აპლიკაციებში, მათ შორის Tinder-ში, პოულობდა და პაემანზე შესახვედრად აცდუნებდა, ისინი [თეთრი სახლის მიერ] იჯარით აღებულ ბინაში მიჰყავდა და მათ ღვინისა და საჭმლის მირთმევისას ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა. 48 წლის მამაკაცი საათობით პოზირებდა შიშველ და უგონო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლთან ერთად, შემდეგ ქალებს ფოტოებს უღებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა. რაიმონდს 500-ზე მეტი სურათი აღმოაჩნდა.
პროკურორების განცხადებით, ძალადობის ფაქტები 2006 წლით თარიღდება. რაიმონდის „საქმიანობას“ მექსიკაში, პერუსა და სხვა ქვეყნებში ადევნებდნენ თვალყურს.
”შეიძლება ითქვას, რომ ის სექსუალური მტაცებელია”, - თქვა მოსამართლე კოლინ კოლარ-კოტელიმ.
ასევე მოსამართლემ ბრაიან ჯეფრი რაიმონდს თითოეული დაზარალებული პირისთვის 10,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოში, რაიმონდის 12-მა მსხვერპლმა, რომლებიც მხოლოდ ნომრებით იყვნენ იდენტიფიცირებულნი, გაიხსენეს, თუ როგორ მოატყუათ ისინი დაზვერვის აგენტმა, "რომელსაც სამყარო ბოროტებისგან უნდა დაეცვა".
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ რაიმონდის მიერ ჩადენილი დანაშაული საჯაროდ დაგმო და სააგენტოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თანამდებობრივ დანაშაულის შემთხვევად შეაფასა.
0
0