19/09/2024
09:40
სამართალი
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულია სენაკელი მამაკაცი ბ.ჯ., რომელსაც სამართალდამცავები გუშინდელი საღამოდან ეძებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ კესარიამ სოციალურ ქსელში, "სთორიზე" გამოაქვეყნა. ძებნილი ბ.ჯ. სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში დივანთან იპოვეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი აივანზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
0
0