13/11/2024
17:39
პოლიტიკა
სიღრმისეული და დეტალური ინფორმაცია პრეზიდენტს მიეწოდა - ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე , - აღნიშნულის შესახებ ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს შორის.
„ჩვენი ქვეყანა დგას გზაგასაყარზე, არჩევნები არის მიტაცებული და მას უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდა ცესკო აქამდე, თუ როგორ მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე. ბუნებრივია, ჩვენ, რომლებიც ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციას შიგნიდან, ჩვენი ხედვა საქართველოს პრეზიდენტს გავაცანით. საუბარია, მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე არ არის, პრინციპულად არასწორია საკითხის ასე წარმოჩენა, თითქოს ერთი, ორი, ათი მტკიცებულება გაყალბების შევაგროვოთ და რაოდენობაზე ვისაუბროთ. რაოდენობაზე „ქართული ოცნება“ აპელირებს, რომელიც ამბობს, რომ ცოტა საჩივარი არის დაწერილი. სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს სპეცოპერაციასთან, სისტემურ მიტაცებასთან ქართველი ამომრჩევლის ხმისა. სამართლებრივად უკვე არსებობს იმის საფუძველი, რომ არ ჩატარებულად გამოცხადდეს 26 ოქტომბრის არჩევნები და ორი თვის შემდეგ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
სიღრმისეული და დეტალური ინფორმაცია პრეზიდენტს მიეწოდა. ჩვენ შევთანხმდით, მათ შორის კონკრეტულ საკითხებზე - ის რას ელის ჩვენგან, როგორც ცესკოში ოპოზიციური წევრებისაგან და აგრეთვე, მისგან მხარდაჭერა მივიღეთ იმ საკითხში, რომ საერთაშორისო გამოძიების ნაწილი იქნება თუ სხვა ნაბიჯები, რომელიც მას შეუძლია საგარეო ასპარეზზე გადადგას, ის აუცილებლად გადადგამს და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
0
0