26/10/2024
00:55
საზოგადოება
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ამომრჩევლები ხმის მიცემას პირველად, ელექტრონული წესით შეძლებენ. ამ წესით ხმის მიცემა საარჩევნო უბნების 90 პროცენტზე მეტგან იქნება შესაძლებელი.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.
ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლისთვის პირველი სიახლე იქნება ის ფაქტი, რომ უბანზე აღარ იქნება ქაღალდზე დაბეჭდილი საარჩევნო სია, ე.წ. სამაგიდო სია, სადაც ის ხელმოწერას აფიქსირებდა ბიულეტენის მისაღებად. ამის ნაცვლად, ამომრჩეველი რეგისტრაციას გაივლის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით. საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი და ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, რეგისტრაცია გაიაროს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან. შესაბამისად, საჭირო აღარ იქნება საკუთარი გვარის ინიციალების მიხედვით რიგში დგომა.
რეგისტრაციის გასავლელად ამომრჩეველმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს ID ბარათი, რომელსაც რეგისტრატორი გაატარებს ვერიფიკაციის აპარატის ციფრული ბარათის წამკითხველ ზოლში. აპარატი მოძებნის ამომრჩეველს და ეკრანზე გამოიტანს მის პირად მონაცემებს, მათ შორის, ამომრჩევლის ფოტოს.
ამომრჩეველი ხმის მისაცემად თუ პასპორტით ან დაზიანებული ID ბარათით გამოცხადდება, რეგისტრატორი ხელით შეიყვანს ამომრჩევლის პირად ნომერს და ასე მოხდება მისი ვერიფიკაცია. მონაცემების გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ, აპარატიდან ამოიბეჭდება ამომრჩევლის პირადი მონაცემების შემცველი სარეგისტრაციო ქვითარი, რომელსაც ამომრჩეველი ხელს აწერს და ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ამის შემდეგ იგი გაივლის მარკირების ტრადიციულ პროცედურას და გადაეცემა ახალი ტიპის სპეციალური ბიულეტენი.
ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის რეგისტრაციას არ განახორციელებს, თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია სხვა საარჩევნო უბანზე ან ერთხელ უკვე მიცემული აქვს ხმა. ამომრჩეველი თუ განმეორებით შეეცდება ხმის მიცემას, ვერიფიკაციის აპარატი შეწყვეტს ასეთი ამომრჩევლის რეგისტრაციას და გამოსცემს განგაშის სიგნალს.
რეგისტრაციის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა სპეციალური ბიულეტენი. ბიულეტენი დაბეჭდილია დაახლოებით A4 ფორმატის სქელ ქაღალდზე და დაცულია სპეციალური შტრიხკოდითა და QR კოდით. ბიულეტენის QR კოდში არის შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და უბნის შესახებ ინფორმაცია, რაც კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის სხვა უბანზე გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბიულეტენს ინდივიდუალური სერიული ნომერი არ აქვს და მისი დაკავშირება რომელიმე ამომრჩეველთან შეუძლებელია.
ხმის მისაცემად ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გააფერადოს. თუ აქამდე ამომრჩეველი ხმას აძლევდა ბიულეტენში საარჩევნო ნომრის შემოხაზვით, ამჯერად ხმის მისაცემად აუცილებელია საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების და ნომრის წინ არსებული წრის გაფერადება, რათა აპარატმა შეძლოს მისი წაკითხვა. აპარატი კითხულობს მხოლოდ წრის შიგნით გაკეთებულ აღნიშვნას. წრის გარეთ გაკეთებული ნებისმიერი აღნიშვნა, მონიშვნა, შემოხაზვა არ აღიქმება აპარატის მიერ. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის ნომრის, დასახელების ან წრის შემოხაზვა ხმის მიცემად არ ჩაითვლება. ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ გაფერადებულია ერთზე მეტი წრე. იმისთვის, რომ ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი ზუსტად აღიქვას აპარატმა, აუცილებელია, რომ ამომრჩეველმა ხმის მისაცემად საარჩევნო კაბინაში არსებული სპეციალური მარკერი გამოიყენოს.
მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენში გააფერადებს სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს, იგი ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოათავსებს, რათა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ვერავინ შეძლოს მისი გაკეთებული არჩევანის დანახვა. ჩარჩო-კონვერტით ამომრჩეველი მიდის ხმის დამთვლელ აპარატთან და ბიულეტენს აპარატში ათავსებს.
რიგების თავიდან ასაცილებლად, საარჩევნო უბნებში, როგორც წესი, განთავსდება ორ-ორი ხმის მთვლელი აპარატი, ზოგიერთ დიდ საარჩევნო უბანზე კი, შესაძლოა, სამი ხმის მთვლელი აპარატიც იყოს. ამომრჩეველს ბიულეტენის მოთავსება შეუძლია ნებისმიერ თავისუფალ აპარატში. ხმის მთვლელი აპარატი იყენებს ოპტიკური სკანირების ტექნოლოგიას, რომელიც ბიულეტენზე სპეციალური მარკერით გაკეთებულ არჩევანს აბსოლუტური სიზუსტით აღიქვამს და იმახსოვრებს. ხმის მთვლელი აპარატი ინტეგრირებულია საარჩევნო ყუთთან და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აპარატი წაიკითხავს ბიულეტენზე გაკეთებულ არჩევანს, იგი ბიულეტენს ათავსებს საარჩევნო ყუთში.
0
0