21/11/2022
15:41
მედიცინა
“არ მჯერა, რომ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია, თუ დაწერა, საინტერესოა, რატომ დაწერა, რა იყო ამის მიზეზი, ეჭვი მაქვს, არ დაუწერია”, ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, ექსპრეზიდენტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, “ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ, გაკეთდა კვლევა და ჩამოვიდა პასუხი, რომ სააკაშვილს აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად ტოქსიკოლოგი მუშაობს, საიდან შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს ეს ნივთიერებები, თუმცა არასდროს ჩვენ მიერ პირადად არ გაჟღერებულა, რომ შესაძლებელია მოწამვლა”.
ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკშვილთან არასდროს უსაუბრია მოწამვლასთან დაკავშირებით.
„მე პირადად – არა, ტოქსიკოლოგი ჩართულია საქმეში, მეტსაც გეტყვით, გამოძიებას ჯერ კიდევ რვა თვის წინ აქვს დანიშნული მის მიმართ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, გუშინ გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და განაცხადა, რომ დღეს უნდა დანიშნონ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. ეტყობა, არ იცის იუსტიციის მინისტრმა, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა უკვე დანიშნულია სამხარაულში რვა თვის წინ, არც ჩატარებია არანაირი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. არ ვიცი, თუ დაწერა, საინტერესოა, რატომ დაწერა და რა იყო ამის მიზეზი. თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. დღეს შევდივარ და უნდა ვნახო“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნა: „არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა“.
0
0