07/08/2024
12:37
სპორტი
„ლიონის“ ვებგვერდზე გიორგი მიქაუტაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც გუნდში ადაპტაციის პერიოდს და ასევე, სხვა თემებზე დაეთმო.
პრესეზონი
„ერთი კვირის წინ დავიწყე მზადება და კარგად მიმდინარეობს. რამდენიმე წუთი უკვე ვითამაშე „ტორინოსთან“ და 45 წუთი „უნიონთან“. ცოტა მეტის გაკეთებაც შემეძლო. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ“.
„ლიონში“ თამაში
„ლიონში“ თამაში საამაყოა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მაისურის ჩაცმაზე. ამიტომ ძალიან მოტივირებული ვარ. მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ აქ შემიძლია დიდი საქმეების გაკეთება. როდესაც გავიგე, რომ „ლიონს“ სურდა ჩემი შეძენა, ძალიან გამიხარდა და ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ „ლიონში“ თამაში მინდოდა“.
დატვირთული ზაფხული
„ყველაფერი სწრაფად მოხდა. ვცდილობდი ყველა მომენტით სიამოვნება მიმეღო, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გატარებული მომენტი დაუვიწყარი იყო. ეს არის ის, რაც ორჯერ არ ხდება. ამიტომ, უნდა ისიამოვნო და ბედნიერი იყო“.
გუნდში ინტეგრირება
„ბუნებრივად მოხდა. მე ღია, ძალიან უბრალო და მოღიმარი ადამიანი ვარ. ყველას ვესაუბრები. გუნდში კარგად მიმიღეს, გამიხარდა, რომ მაქს კაკრეს ისევ შევხვდი“.
ალექსანდრ ლაკაზეტის შესახებ
„მოუთმენლად ველოდები ლაკაზეტთან ერთად მუშაობას, რადგან ის შესანიშნავი თავდამსხმელია, ჩემთვის შთაგონების წყაროა. იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადას მოიგებს და შემდეგ ერთმანეთს შევხვდებით. ვფიქრობ, ერთმანეთს კარგად შევავსებთ. მას შეუძლია ბურთი მოითხოვოს, მე კი სიღრმეში ვითამაშებ ან პირიქით. ვიცით, ორივე ფუნქცია როგორ შევასრულოთ“.
პირადი მიზნები სეზონში
„ჩემს თავს საზღვრებს არ ვუწესებ, როდესაც საქმე გოლების გატანას ეხება. ყოველთვის მინდა მეტი, ამიტომ არ მინდა ფიქსირებული ზღვარი. ვცდილობ, ყველა მატჩში გადამწყვეტი ვიყო“.
„ლიონის“ სირთულეები გასულ სეზონში
„მართალია, სეზონის დასაწყისი რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ გუნდი კრიზისიდან გამოვიდოდა. როდესაც „მეცში“ დავბრუნდი, მათ ვუთხარი, რომ „ლიონი“ კონკურენტად არ ჩაეთვალათ, რადგან ეს გუნდი სატურნირო ცხრილში წინ წავიდოდა და ასეც მოხდა“.
რატომ 69 ნომერი
„ეს ბუნებრივად მოხდა. ხელმისაწვდომ ნომრებს გადავხედე, მანამდეც ვფიქრობდი 69 ნომრის აღებაზე. ცოტა დავფიქრდი, მაგრამ არც ისე დიდხანს. მიხარია, რომ ეს ნომერი ავირჩიე“.
მშობლიურ ქალაქში თამაში
„ეს ბევრს არაფერს ცვლის, ჩემი ოჯახი და მეგობრები თამაშზე მაინც დადიოდნენ. მაგრამ ის იცვლება, რომ ახლა ჩემს ქალაქში ვარ. საკუთარ თავზე ზეწოლა არ მექნება, ჩვეულებრივ ვითამაშებ“.
გუნდში წარდგენა
„სასიამოვნო იყო, ყველას მადლობა მესიჯებისთვის. სასიამოვნო ოვაციებიც დამხვდა. მე ამას პოზიტიურად ვიღებ, ზეწოლის გარეშე“.
საიდ ბენრაჰმას შესახებ
„მიხარია, რომ ის აქ არის. ჩემთვის უფროსი ძმაა, ახლო ურთიერთობა გვაქვს. ბევრს ვესაუბრებით ერთმანეთს და ვცდილობთ მატჩების შესახებ ვარჯიშებზე ვიმსჯელოთ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოსთან" შეთანხმება მიღწეული იყო. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.
0
0