10/05/2024
09:16
კულტურა
ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ, ბედნიერი ვარ, – ამის შესახებ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ნუცა ბუზალაძემ, ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ. ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის. როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება", – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ პრესკონფერენციაზე.
American Idol-ში მონაწილეობისა და კაილი მინოუგთან დუეტის შესახებ დასმულ კითხვაზე ნუცა ბუზალაძემ აღნიშნა, რომ American Idol-მა ის მოამზადა ევროვიზიაზე გამოსვლისთვის.
"მე ბევრს ვლაპარაკობ ოცნებებზე. ეს იყო American Idol-ის ფინალი. American Idol-ი ძალიან განსხვავდება ევროვიზიისგან. American Idol-ი არის ამერიკელებისთვის, ევროვიზია არის საერთაშორისო. American Idol-მა მომამზადა, რომ ევროვიზიაზე წარმედგინა ჩემი ქვეყანა. ორივე პროექტში დიდი შრომა ჩავდე. ამაყი ვიყავი კაილი მინოუგთან სიმღერის გამო. ესეც ოცნების ახდენა იყო – ბავშვობაში როდესაც მის სიმღერებს მღეროდი სარკესთან და შემდეგ უცებ გიწევს სცენაზე მასთან ერთად დგომა. მნიშვნელოვანია, გვჯეროდეს, რომ ოცნებები ხდება და ჩემი ცხოვრება ამის დასტურია“, – განაცხადა ნუცა ბუზალაძემ.
საქართველოს წარმომადგენელს კიდევ ერთი შეკითხვა სომხეთიდან დაუსვეს, რომლის წარმომადგენელიც ასევე მოხვდა ფინალში.
"ძალიან ვღელავდი. დიდხნიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თქვენ იმსახურებთ ფინალში ყოფნას. გასაოცარი იყო", – დასძინა ნუცა ბუზალაძემ.
საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში გადავიდა. ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი 9 მაისს გაიმართა.
0
0