25/06/2023
10:42
სპორტი
ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე ეხმაურება.
როგორც არველაძე წერს, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.
„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.
ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.
წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს!“ – წერს შოთა არველაძე.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფის ლიდერია. მომდევნო მატჩს 27 ივნისს, ნიდერლანდებთან, კვლავ “დინამო არენაზე” გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მეოთხედფინალში გასასვლელად კი ფრეც გვყოფნის.
0
0