25/11/2024
16:38
პოლიტიკა
"ამ მომენტისთვის, რა ინფორმაციაც მაქვს, არც ერთი ოპოზიციური პარტიის, არც ერთი ოპოზიციური ცენტრის წარმომადგენელი არ აპირებს შევიდეს თვითმარქვია პარლამენტში" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ჯაფარიძემ "დღის კურიერში" განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებენ. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერების განცხადებას, რომ დღეიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს კანონით უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სიების ჩახსნის შესახებ განცხადებები დაწერონ, გია ჯაფარიძის თქმით, ამას უახლოეს მომავალში განახორციელებენ.
"უახლოეს მომავალში განცხადებები დაიწერება, სიები ჩაიხსნება, ეს მოხდება უახლოეს მომავალში. ჩვენ ეს განვაცხადეთ ჯერ კიდევ 27 ოქტომბერს, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა ჩვენი მხრიდან და ცხადია, ჩვენ ამ განცხადებების ერთგული ვრჩებით.
არავის სჭირდება თვითმარქვია პარლამენტის თავმჯდომარის შეხსენება, ეს არაერთხელ გვითქვამს, არაერთხელ განგვიცხადებია და ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ერთგული. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის არის კოორდინაცია, ვიცით, რომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" აპირებს, რომ ამ განცხადებით [სიების ჩასახსნელად] მიმართოს. ჩვენც უახლოეს მომავალში, ზუსტად იგივე განცხადებით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას", - ამბობს გია ჯაფარიძე.
გია ჯაფარიძის თქმით, ამ დროისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
"ამ მომენტისთვის რა ინფორმაციაც მაქვს, არც ერთი ოპოზიციური პარტიის, არც ერთი ოპოზიციური ცენტრის წარმომადგენელი, ამ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგად 5%-იან ზღვარს გადალახული ოპოზიციური ცენტრებიდან და პარტიებიდან, არ აპირებს შევიდეს თვითმარქვია პარალმენტში", -განაცხადა გია ჯაფარიძემ.
0
0