30/11/2022
13:05
მედიცინა
სამედიცინო კვლევამ პირველად აჩვენა, რომ პრეპარატ Lecanemab-ს ალცჰეიმერის დაავადების სიმპტომების შესუსტება შეუძლია.
სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე გამოქვეყნებულმა მონაცემებმა მეცნიერები ოპტიმისტურად განაწყო; ბევრი ექიმი ათწლეულების მანძილზე ცდილობდა გაეგო, თუ რა იწვევს დაავადებას და რა გზებით ემკურნალათ პაციენეტებისთვის.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა, რობ ჰოვარდმა, თქვა, რომ კვლევის შედეგები "იმედისმომცემია" - და დასძინა: "ბოლოსდაბოლოს, მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ამ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადების მკურნალობის საშუალებას მივაგენით. ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული შემთხვევა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ დემენცია შეიძლება დამარცხდეს და ერთ დღეს პაციენტი განიკურნოს კიდეც."
შემოდგომის დასაწყისში, კონფერენციაზე, წამლის მწარმოებლებმა ალცჰეიმერის დაავადებაზე ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ალცჰეიმერის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებში Lecanemab-ი მეხსიერებისა და ფსიქიკური აქტივობის დაქვეითებას 27%-ით ანელებს.
კვლევა ადასტურებს, რომ პრეპარატი კლინიკურ ეფექტს მხოლოდ მაშინ ავლენს, როცა თავის ტვინში ამილოიდი [განსაკუთრებული ცილა, რომელიც ორგანიზმში ნორმალური მდგომარეობისას არ არის] მისაღებ დაბალ დონემდე შემცირდება.
12-თვიანი მკურნალობის შემდეგ მიღებული შედეგების მიხედვით, პრეპარატი არაეფექტური გამოდგა, მაგრამ 18 თვის შემდეგ ეფექტი მნიშვნელოვანი იყო. ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ მკურნალობის გაგრძელება კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დემენციის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნიკ ფოქსმა, თქვა: ”ალცჰეიმერის დაავადების მოდიფიკაციის ახალ ეპოქაში ვიმყოფებით.“
ლონდონის დემენციის კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა ჯონ ჰარდიმ, თქვა, რომ პრეპარატი "დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა".
”მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს დასასრულის დასაწყისია. პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია და ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ამ დაავადების დაძლევისთვის ეფექტური წამლების შესაქმნელად," - დასძინა მან.
პრეპარატი Lecanemab-ი ალცჰეიმერს სრულად არ კურნავს, თუმცა დაავადების პროგრესირების შენელებაც კი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება - ის ამცირებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის აუცილებლობას და ადამიანებს საშუალება მიეცემათ, მეტი დრო გაატარონ ოჯახებთან ერთად. თუმცა, პრეპარატს გვერდითი მოვლენები აქვს. რვა პაციენტთაგან ერთ-ერთს, რომელმაც პრეპარატი Lecanemab-ი მიიღო, აღენიშნებოდა თავის ტვინის შეშუპება და სხვა ცვლილებები, სავარაუდოდ, ამილოიდური ცილის ამოღების შედეგად. ამიტომ ექიმები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ პაციენტთა მკურნალობის მონიტორინგი აუცილებელია.
0
0