21/02/2023
12:17
მედიცინა
მკვლევარების განცხადებით, გერმანიაში 53 წლის მამაკაცი აივ-ინფექციისგან განიკურნა.
როგორც მკვლევარები ამბობენ, „დიუსელდორფის საავადმყოფოს პაციენტის“ (მისი ვინაობის კონფიდენციალურობა დაცულია) აივ-ინფექციისგან განკურნება მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმატებით მკურნალობის დეტალები პირველად 2019 წელს გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა, მკვლევარებმა ვერ დაადასტურეს, რომ ის იმ დროისთვის ოფიციალურად იყო განკურნებული. დღეს კი მკვლევარებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ პაციენტს აღარ აქვს ვირუსი სხეულში. აღსანიშნავია, რომ პაციენტმა ოთხი წლის წინ სამკურნალო წამლის მიღებაც შეწყვიტა.
”პაციენტი ნამდვილად განიკურნა და ეს არ არის, უბრალოდ, გრძელვადიანი რემისია. ვფიქრობ, ამ პაციენტისგან და აივ-ისგან განკურნების მსგავსი შემთხვევებიდან ბევრი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, რაც გვაძლევს გარკვეულ მინიშნებებს, თუ სად და როგორ გამოვიყენოთ აივ-ინფექციისგან განკურნების უფრო ეფექტური სტრატეგია”, - თქვა ექიმმა ბიორნ-ერიკ ოლე ჯენსენმა.
როგორც ცნობილია, ადამიანების უმრავლესობას აივ-ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს და ვირუსი ორგანიზმიდან სრულად არასოდეს აღმოიფხვრება. თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით, აივ-ინფიცირებულებს შეუძლიათ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრონ.
დიუსელდორფის საავადმყოფოს პაციენტი უერთდება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომლებიც ექსტრემალურ პირობებში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განიკურნენ. ეს, როგორც წესი, მხოლოდ კიბოს დაავადების მქონე პაციენტებს უტარდებათ, რომლებსაც სხვა არჩევანი არ აქვთ. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მაღალი რისკის შემცველი პროცედურაა, რომელიც ეფექტურად ცვლის ადამიანის იმუნურ სისტემას. უპირველესი მიზანია პაციენტის კიბოსგან განკურნება, მაგრამ ამ პროცედურის შემდეგ რამდენიმე პაციენტი აივ-ისგანაც განიკურნა.
აივ-ინფექციით მსოფლიოში დაახლოებით 38,4 მილიონი ადამიანია დაავადებული. თანამედროვე მედიკამენტებს შეუძლია ვირუსის თავიდან აცილება; ასევე მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ვაქცინით აივ-ინფექციის პრევენციას.
აივ-ინფექციით განკურნებული პირველი ადამიანი ტიმოთი რეი ბრაუნი იყო (2009 წ.), რომელიც ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდა. 2019 წელს მას მოჰყვა ლონდონის საავადმყოფოს პაციენტი. 2022 წელს კი კიდევ ორი განკურნებული პაციენტის შედეგები გამოქვეყნდა.
0
0