10/01/2025
19:34
სამართალი
სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და დავრჩებით ისევ უცვლელად იმ პოზიციაზე, რომ ეს პირები 5 მარტამდე იქნებიან უკანონო პატიმრობაში, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე აქციაზე დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებდა.
„ყველა ადვოკატს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე არ შეცვლიდა გამოყენებულ პატიმრობას. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე ვაფიქსირებდით შესაბამის პოზიციას, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც ედავებიან ამ პირებს, საერთოდ სახეზე არ იყო და არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არც ონისე ცხადაძის მიმართ, ასევე არცერთი პირის მიმართ. ამავდროულად ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ არანაირი მიმალვის საფრთხე, მტკიცებულების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე სახეზე არ იყო. მიუხედავად ამისა სამწუხაროდ მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღნიშნული პირები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებული, დატოვა პატიმრობაში“, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.
0
0