14/07/2023
14:39
სპორტი
ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დელე ალიმ Sky Sports-ის ჟურნალისტთან, გარი ნევილთან ინტერვიუში მძიმე პერიოდის შესახებ ღიად ისაუბრა. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, რამდენიმე თვის წინ მენტალური პრობლემების გამო იტანჯებოდა და მკურნალობის კურსის გავლა გადაწყვიტა.
"მოვიდა დრო, ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოვიარე. ვაღიარებ, რომ საძილე აბებზე ვიყავი დამოკიდებული. როდესაც თურქეთიდან დავბრუნდი, იძულებული გავხდი, ოპერაცია გამეკეთებინა. მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, სარეაბილიტაციო კურსი გამევლო იქ, სადაც ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვაში ეხმარებიან.
მინდა, სხვა ადამიანებს დავეხმარო და ვუთხრა, რომ ამ ყველაფერს მარტო არ უნდა დაუპირისპირდნენ, დახმარების თხოვნა სისუსტე სულაც არაა.
რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, 6 წლის ასაკში დედაჩემის მეგობარმა ჩემზე სექსუალურად იძალადა. დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახლდათ. 7 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, 8 წლის ასაკში ნარკოტიკებს ვყიდდი. საბედნიეროდ, 12 წლის ასაკში შესანიშნავმა ოჯახმა მიშვილა, მათზე უკეთეს მშობლებს ვერ ვინატრებდი", - განაცხადა დელე ალიმ.
შეგახსენებთ, ალიმ გასული სეზონი იჯარის წესით "ევერტონიდან" "ბეშიქთაშში" გაატარა. ერთ დროს პრემიერლიგის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ამჟამადაც "ირისების" ღირსებას იცავს.
0
0