30/04/2023
15:45
სამხედრო
30 აპრილს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პროფესიულ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობენ. ქართული ჯარის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა, რომელიც მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა.
ოფიციალური ღონისძიება სამხედრო ორკესტრის მიერ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რომლის მსვლელობის დროსაც ქვემეხებიდან საზეიმო ზალპების გასროლის ხმა გაისმა.
დღეს ქართულ ჯარს სამხედრო მოსამსახურეების ახალი ნაკადი შეემატა. რეკრუტებმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს. ისინი თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდნენ. სამხედრო მოსამსახურეები ცეცხლსასროლი იარაღით, უწყებრივი მედლებით, სამხედრო საათებითა და „საუკეთესო სამხედროს“ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური წარმოების იარაღისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სამწყობრო მოედანზე გამოფენილი იყო ქართული სსიპ „დელტას“ მიერ წარმოებული სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები და სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები, ჯარისკაცის სხვადასხვა მოდელის აღჭურვილობა და საბრძოლო მანქანები „დიდგორი მეომარი“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „მედევაკი“და ინტეგრირებული ქსელების მანქანა.
უცხოური წარმოების ტექნიკასა და შეიარაღებას შორის კი, სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო საარტილერიო დანადგარები, ტყვიამფრქვევები, უცხოური წარმოების „ატლასის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, მოიერიშე ვერტმფრენები MI-24 და UH -1, ამერიკული ანტისატანკო სისტემები „ჯაველინი“ და მისი გამშვები, ჰამერი, მაკ-მილანი, ავტომატი M4 და ოპტიკური ხელსაწყოები. სტუმრებს საინჟინრო და ქიმიური ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024